XI ტური – ლათინური მუსიკა

მეთერთმეტე ტურში, დარჩენილი სამეული ორ-ორ სიმღერას შეასრულებს. რეპერტუარი ლათინური მუსიკიდანაა აღებული და ძალიან სახასიათოა.გაეცანით  სიმღერების ჩამონათვალს:

  •  მარი ჯომარდიძე – The Girl From Ipanema
  •  ლევან კბილაშვილი – Guantaramera
  • მარიტა როხვაძე – Eres todo en mi
  • მარი ჯომარდიძე – Samba de una nota so
  • ლევან კბილაშვილი – Cucurrucucu Paloma
  • მარიტა როხვაძე – Butacada

მეათე ტურში შესრულებული სიმღერები – Mp3

 

მეათე ლაივ კონცერტი – სურათები

მარი ჯომარდიძე – გაზაფხული მაინც მოვა

გიორგი გოგიშვილი – ისევ წვიმს

მარიტა როხვაძე – ისევ ის ბაღი

ლევან კბილაშვილი – გოგლაურა

მეათე ტურის შედეგები

გუშინ ჯეოსტარის მეათე საკონკურსო ტური შედგა. დარჩენილმა ოთხმა კონკურსანტმა, ქართველი კომპოზიტორების ცნობილი ჰიტები შეასრულა.  ასევე, ჯეოსტარ 2009-ს გამარჯვებულმა, ნოდიკო ტატიშვილმა, სადებიუტო ალბომიდან ორი სიმღერა იმღერა.მონაწილეების მხარდასაჭერად, შემოვიდა 50 072 ხმა.

წესით, უნდა გვყოლოდა ერთი sms ლიდერი და სამი აუტსაიდერი, თუმცა, ჯეოსტარის არსებობის მანძილზე პირველად, ხმების რაოდენობა ისე გადანაწილდა, რომ ორ ლიდერსა და ორ აუტსაიდერს შორის ძალიან დიდი პროცენტული სხვაობა იყო. ამიტომ, ლიდერებად პირდაპირ მარიტა როხვაძე და ლევან კბილაშვილი დასახელდნენ, ხოლო აუტსადერები, გიორგი გოგიშვილი და მარი ჯომარდიძე იყვნენ.გიორგის ამჯერად ყველაზე ნაკლები ხმა ჰქონდა და ის გამოეთიშა პროექტს.

პროცენტულად, შემოსული ხმები ასე გადანაწილდა:
  • მარიტა – 45%
  • ლევანი – 40%
  • მარი – 11%
  • გიორგი – 3%
დარჩენილია მხოლოდ 3 კონკურსანტი, ხმის მიცემა უკვე დაწყებულია. უგულშემატკივრეთ თქვენს რჩეულს და ერთად გამოვავლინოთ ჯეოსტარი 2011!

მეათე ლაივ კონცერტი – რეპერტუარი

ორი საათი რჩება დღევანდელი კონცერტის დაწყებამდე და გთავაზობთ იმ სიმღერების ჩამონათვალს, რომელსაც დღეს შეგვისრულებენ გიორგი, მარიტა, მარი და ლევანი:

  • მარი ჯომარდიძე – გაზაფხული მაინც მოვა (ბიძინა კვერნაძე)
  • მარიტა როხვაძე – ისევ ის ბაღი (შოთა მილორავა)
  • გიორგი გოგიშვილი – ისევ წვიმს (ვაჟა აზარაშვილი)
  • ლევან კბილაშვილი – გიგლაურა (გოგი ცაბაძე)

ასევე, გაიმართება ჯეოსტარის ტიტულის ერთ-ერთი მფლობელის, ნოდიკო ტატიშვილის დისკის პრეზენტაცია.

 

მეათე ტური – დღეს!

დღეს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და რუსთავი2-ის პირდაპირ ეთერში, ჯეოსტარის მეათე ტურს ვნახავთ. კონკურსანტები შეასრულებენ ქართველი კომპოზიტორების სხვადასხვა სიმღერებს და დაელოდებიან მაყურებლის გადაწყვეტილებას. დარჩენილია მხოლოდ 4 კონკურსანტი, რომელთაგან 3 გადავა შემდეგ ტურში და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება ფინალს. ერთი კი, დატოვებს პროექტს.

ოთხივე მათგანი, მაყურებლის რჩეულია და უკვე ათი ტურის განმავლობაში, თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ პროფესიულად კიდევ ბევრი რამ ისწავლონ. ყოველ დღეს რეპეტიციებს უთმობენ და ყოველ ორშაბათს ელოდებიან ხალხის გადწყვეტილებას.

მათი ბედი, როგორც ყოველთვის, თქვენს ხელშია:

გიორგი გოგიშვილი – 3002

მარიტა როხვაძე – 3005

მარი ჯომარდიძე – 3006

ლევან კბილაშვილი – 3007

უგულშემატკივრეთ, დაურეკეთ, ან დაუმესიჯეთ შესაბამის ნომრებზე და გამოავლინეთ თქვენი ფავორიტი ჯეოსტარელი!

სეზონის შეჯამება – ჯეოსტარის აღმასრულებელი პროდიუსერი

ვინაიდან სეზონი უკვე დასასრულს მიუახლოვდა, გადავწყვიტეთ  შემოგვეთავაზებინა რუსთავი2-ის საერთაშორისო პროექტების დირექტორის, ჯეოსტარის აღმასრულებელი პროდიუსერის კომენტარი ერთგვარი შეჯამების სახით:

მეოთხე სეზონია, რაც ჯეოსტარი თავისი ფორმატის მიხედვით გადის ეთერში. წლიდან წლამდე ვცდილობთ,  მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ და მივაახლოვოთ ქართული ვერსია ორიგინალს. ამ დროის განმავლობაში, ყოველ წელს იყო გარკვეული ცვლილებები, თუნდაც ჟიურიში, მაგრამ წელს ყველაზე დიდი ცვლილება მოხდა – ეს იყო ექსპერიმენტი, რომ კასტინგზე სრულიად ახალი წევრები ისხდნენ ჟიურის მაგიდასთან. ამან დადებითი შედეგი გამოიღო, რადგან უფრო მეტი კონკურსანტი  მოვიდა.
ახალმა ჟიურიმ, ძალიან მრავალფეროვანი მონაწილეები შეარჩია. რა თქმა უნდა, მათ შემდეგ გაიარეს მკაცრი გადარჩევა მარინა ბერიძესთან ერთად, მაგრამ საერთო ჯამში, ძალიან განსხვავებული ნაკადი მივიღეთ წელს.

ადრე სულ იყო კრიტიკა, რომ მონაწილეების სტილი მსგავსი იყო. ახლა კი, რადიკალურად განსხვავებულია სიტუაცია – შემადგენლობაში რამდენიმე ისეთიც შევიდა, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს ჯეოსტარის  აღმოჩენა.

თანაც დააკვირდით, ფაქტობრივად მეშვიდე ტურიდან, უკვე ფავორიტები ტოვებენ პროექტს. ეს აღარ არის “გაფილტვრა”, ყველა დარჩენილი კონკურსანტი ფავორიტია, მაყურებლის ხმების ლიდერებიც იყვნენ სხვადასხვა დროს. არ არის არავინ ზედმეტი. ერთი მხრივ კარგია, მაგრამ მეორე მხრივ ცუდი, რადგან ყველა მათგანი კარგი მომღერალია და ყოველ კვირას ერთ-ერთი მათგანი ტოვებს პროექტს.

სეზონი განსაკუთრებულია იმითაც, რომ წლევანდელი პრიზი ძალიან სერიოზულია. რუსთავი2-მა შეძლო პრიზად ბინის დაწესება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯეოსტარი კომერციულად წარმატებულია. რეიტინგებშიც ცვლილებებია, გაცილებით მაღალია პროცენტული მაჩვენებლები, ვიდრე წინა წლებში და ეს ხდება სეზონის დაწყებიდანვე – Reality ეპიზოდებიდან მოყოლებული, რადგან ყველაფერი  უფრო მაღალი ხარისხის იყო და იმ შრომამ, რაც ჩვენ ჩავდეთ, გაამართლა.

ლაივ კონცერტებზე განსაკუთრებით რაც გამოიკვეთა და რაც კარგია ის არის, რომ ბალანსდება ჟიურის აზრი. ადრე, ყოველთვის იყო ერთნაირი შეფასებები, ერთფეროვანი აზრები. კარგია მრავალფეროვანი, თავისუფალი არჩევანი. ეს პროექტიც ამას გულისხმობს – ხალხს უნდა მიეცეს საშუალება, რომ თავად გამოავლინოს თავისი ფავორიტი. ჩვენი საქმეა დავუდოთ არჩევანი, ყველა მონაწილის მაქსიმალური შესაძლებლობა დავანახოთ. არ არსებობს სწორი და არასწორი ამ შემთხვევაში, როცა ყველა ღირსეულია.

ახალი ჟიური განაპირობებს იმას, რომ  წელს ხალხი უკვე ელოდება როგორ შეფასებას გააკეთებენ, რადგან შეიძლება ისეთი რამე გაიგონ, რაც აქამდე არ გაჟღერებულა ჯეოსტარში. ახალი პერსპექტივები გაჩნდა და ამ კუთხით, განსაკუთრებით ნიკო ნერგაძეს გამოვარჩევდი თავისებური იუმორით, კრიტიკით…ასევე გიგი, რომელიც  ძალიან პოპულარულია, ხალხს უყვარს  და აქვს თავისი ქარიზმა. სოფოს,  როგორც შემსრულებლის შეფასებები განსხვავებულია. მარინა, მიუხედავად იმისა, რომ ის სულ სხვა სტილის ჟიურისთან ჯდომას იყო მიჩვეული, ჩაჯდა ამ შემადგენლობაში.

ხალხიც მეტად ჩართულია ინტერნეტის საშუალებით. გამოხმაურება მეტია.შეიძლება ორშაბათს ვერ უყუროს ვინმემ ზუსტად იმ დროს,როცა ეთერშია ჯეოსტარი,  მაგრამ მერე ნახულობენ შედეგებს, უყურებენ ვიდეოებს, კითხულობენ ბლოგს, პოსტავენ ფეისბუქზე და ა.შ.

ამ ყველაფრის შემდეგ, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ,რომ  ჯეოსტარი ამ სატელევიზიო სეზონის მთავარი მოვლენაა!

გიორგი ხაბურზანია

მეცხრე ტურის შეფასება

ჯეოსტარის 2011 წლის სეზონი უკვე დასასრულს უახლოვდება. დარჩენილია მხოლოდ 4 მონაწილე და კონკურენცია პიკს აღწევს. შეფასების გაკეთებაც უკვე რთულია, რადგან ფავორიტები დარჩნენ და ყველა მათგანი პირველი ტურიდან აქამდე ძალიან დახვეწილი და გატკეპნილი ფრაზა კია, მაგრამ გაზრდილია. თუმცა, მაინც ყველა ტურში იკვეთება ის დეტალები, რაც საერთო ჯამში, რომელიმე მათგანს ან გამარჯვებამდე მიიყვანს, ან პირიქით…

წინა ლაივ კონცერტზე, ოთარ რამიშვილის სიმღერები შესრულდა. მართალი გითხრათ, ცოტა სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი ამ ტურის მიმართ, რადგან ვფიქრობდი იმაზე, თუ რამდენად მოირგებდნენ ამ სიმღერებს, რომლებიც ორიგინალ ვერსიაში მკვეთრად ინდივიდუალური, ავტორზე მორგებულია.

ყველამ აღნიშნა, რომ ეს “პრობლემა” გადაჭრა ზვიად ბოლქვაძის და ბენდის მიერ შედგენილმა ინტერპრეტაციებმა. მეორე საკითხია, რამდენად სწორია ორიგინალი ვერსიიდან ასე რადიკალურად გადახვევა, მაგრამ ფაქტია, რომ გაამართლა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ზურა მოსიავასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ტურში თავისი ფლეიტითურთ :)

გადავიდეთ მონაწილეების შეფასებაზე:

ლევან კბილაშვილი

სიმღერა, რომელიც ლევანმა შეასრულა, ყველაზე პოპულარულია ოთარ რამიშვილის შემოქმედებიდან. მიუხედავად იმისა, არის თუ არა ადამიანი ამ ჟანრის მსმენელი, რამდენჯერმე მაინც ექნება ყურმოკრული. შესაბამისად, მისი ვერსიის განსხვავება ორიგინალისგან, ყველაზე ადვილად შემჩნევადი იყო. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ სხვებთან შედარებით,  მისი ვერსია იყო ახლოს პირვანდელთან, რაც უფრო ლევანის დამსახურება მგონია. განსაკუთრებით თავისუფლად თავს იმ მონაკვეთში გრძნობდა, სადაც ხმის გაშლის საშუალება მიეცა, რადგან  უფრო ფოლკლორისტია და მისთვის ეს უდიდესი კომფორტია.

მარი ჯომარდიძე

მარის მიმართ, ბოლო 2 ტურის მანძილზე საკმაოდ დიდი კრიტიკა წამოვიდა ინტერნეტ სივრცეში. ამას ვაბრალებ ნიკოს და მორისის პროექტიდან გამოთიშვით გაბრაზებულ მათ გულშემატკივრებს. მარიც დიდ სტრესში იყო ამის გამო, განსაკუთრებით წინა ტურის წინ, თუმცა მე მიხარია, რომ თავს სძლია და მთელი ენერგიით იმღერა.

მარი იმ ტიპის მომღერალია, რომელსაც უკვე განსაზღვრული სტილი აქვს და უბრალოდ, ყველა ჟანრს თანაბრად ვერ ერგება. როგორც ფოლკლორის ტურში ყველამ აღნიშნა, რომ ძალიან კარგი იყო, ასეა ახლაც. მისი სტილი იყო ეს სიმღერა, როგორც მარინამ თქვა “ორგანული” და ამ ტურში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
მარის ვერსიას, ყველაზე მეტად მოუხდა ზვიად ბოლქვაძის “შეხამება” – თან კონტრასტი იყო, თან ბალანსი და საერთო ჯამში კარგი შედეგი მივიღეთ.

გიორგი გოგიშვილი

გიორგიმ შენიშვნები მიიღო ჟიურისგან. მეც მომეჩვენა, რომ სიმღერის მეორე ნაწილში გამოეთიშა ნამღერს, მაგრამ ეს არ მგონია გიორგის ბრალი, უბრალოდ იმოქმედა იმ მონაკვეთმა, სადაც პაუზა იყო და ამ ვერსიაში, ეს ზედმეტ დეტალად მივიჩნიე. ძალიან კარგად მიდიოდა ვოკალურადაც და ემოციურადაც, ამან კი ამოაგდო იმ რეჟიმიდან, როგორი შემართებითაც დაიწყო. თუმცა, ეს არაა “ტრაგედია” და დიდი კრიტიკის საბაბი,  რადგან ვოკალურად იყო გამართული ნამღერი.

მარიტა როხვაძე

მარიტას ყველანაირი ჟანრის რეპერტუარი შეხვედრია აქამდე, მაგრამ არც ერთხელ არ მინახავს სცენაზე უმოძრაოდ. მის ენერგიულობას დიდი შთაბეჭდილება მოჰქონდა, მაგრამ ახლა, მეტი თუ არა, არც ნაკლები იყო ამ მდგომარეობაშიც, როცა იჯდა და ისე მღეროდა. აქამდეც ყველა ვგრძნობდით მის განსაკუთრებულ ტალანტს, მაგრამ ამ ტურში განსაკუთრებით მომეწონა. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ იყოს ვარსკვლავი და არის ძალიან ძლიერი შემსრულებელი. სიტყვა შემსრულებელს იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მომღერალი.  “სრული პაკეტი” აქვს იმისთვის, რომ სცენაზე იდგეს.

ანდრია გველესიანი

ანდრიას ძალიან აქტიური გულშმატკივრები ჰყავდა ყოველთვის დარბაზში. ვფიქრობ, ეს საკმაოდ დიდ ემოციას აძლევდა შესრულებისას. ამჯერად, სიმღერა დიდად არ უწყობდა ხელს ემოციების ბოლომდე გამოშვებაში, ამიტომ ცოტა შებოჭილი იყო და დეტონაციებიც ჰქონდა. რა თქმა უნდა, უკვე ყველა მონაწილის წასვლა გულდასაწყვეტია, რადგან ყველა მათგანი ძლიერი და განსაკუთრებულია, მაგრამ ასეთია წესი…ანდრიას რაც შეეხება, კასტინგის ვიდეო როდესაც ვნახე, მაშინვე ვთქვი, რომ ძალიან განსაკუთრებული, საინტერესო ტიპაჟის ადამიანია და ეს შთაბეჭდილება არც შემცვლია. დიდი იმედი მაქვს, რომ თავის პროფესიაში მიაღწევს წარმატებას.

დაველოდოთ მომავალ ტურს და ერთად მივუახლოვდეთ მთავარ მომენტს :) ხვალ, ამ ბლოგზე შემოგთავაზებთ ჯეოსტარის აღმასრულებელი პროდიუსერის, გიორგი ხაბურზანიას  პოსტს, სადაც ის ამ სეზონის შესახებ ისაუბრებს. საინტერესო იქნება თქვენი შეჯამებაც, ასე რომ, თვალი გვადევნეთ და გამოხატეთ თქვენი აზრიც.

IX ლაივ კონცერტზე შესრულებული სიმღერები – Mp3

გთავაზობთ მეცხრე ტურის რეპერტუარის აუდიო ვერსიას:

მარიტა როხვაძე, ფიქრების ზღვა

ანდრია გველესიანი, თბილისო